... წასვლა მინდოდა ხალხთან ერთად, მაგრამ მარტო...
ხალხთან მარტო როგორ წავიდოდი?
ყველაზე საინტერესოა
იყო ხალხთან ერთად მარტო . აბა როცა მარტო ხარ , ხარ და მორჩა.
თავისი ემოციები
აქვს , იმას ხალხისგან მალულად, რომ აგროვებ გრძნობებს და შთაბეჭდილებებს. მთელი ცხოვრება
გამელია ამ გრძნობებისა და ემოციების გროვება-ფერებაში. იმ დღეს კი ყველაზე დადებითი განცდები შევაგროვე გულში მალულად. განცდა ულამაზესი ბუნების აღქმის და დაუვიწყარი ზაფხულის დასაწყისის...(პ.ს. დაუვიწყარი რამოდენიმე ამბის გამო)
ამ ყველაფერმა დაბადა ჩემში ეს წერილი ...
ეჰ... მათ რომ იცოდნენ დაშბაშის ლოდების სიმძიმე რას
მივა იმ დარდის სიმძიმესთან რაც გულში მაქვს და ასე ოსტატურად ვფარავ.
ლოდები... ისეთი თბილია იქაურობის მოგონება.
იქიდან წამოვიღე ემოცია, რომელიც ძალიან დიდ ხანს გამყვება. დავდიოდი და გრძნობებს ვინახავდი,
შთაბეჭდილებებს,ემოციებს. ხშირად ვშლიდი ხელებს...სილამაზეს ვიხუტებდი გულში, გატანჯულ
გულში, ნაფლეთებად ქცეულ გულში , სადაც ტკივილისაგან მხოლოდ ცრემლის ტბადაა ქცეული. ჩემი
პატარა ფარავანი მაქვს გულში , სადაც ყოველ სისხამ დილით გვირილებიანი გვირგვინით მივდივარ
ხოლმე, ვრჩები მასთან მარტო და უკვე მემილიონეჯერ ვუყვები რა მტკივა. იქნებ ბრაზობს
კიდეც , ამდენი ცრემლისა და დარდისაგან ჩემი ფარავანი , მაგრამ შენ ხომ ჩემი ხარ ჩემო
გულო, შენ შემქმენი მე ასეთი და ცოტაც გამიძლო რა იქნება. მოვალ ხოლმე შენთან ჩემო
ფარავანო და ყოველ ახალ ტკივილზე თითო ცრემლს დაგიმატებ , არ მკითხო ვისია ეს ცრემლი,არაფერი
მკითხო ჩემო ფარავანო , მხოლოდ მომისმინე. კიდევ დიდხანს ვივლი ასე გულში ცრემლითა
და თავზე გვირილებით შენთან. მერე იქნებ აღარც ვიყო და ვინც მივა ნამდვილ ფარავანთან გაახსენდეს ერთი პირკისკისა
და გულცრემლა გოგო ასე ჩამომჯდარი თავის ფიქრებთან. ან იქნებ არც გაახსენდეთ, რა ამბიციაა?! მაგრამ იქნებ გამიხსენონ. გულცრემლა გული... და რამდენს გაუძლოს ამ გულმა? ან რამდენ
ხანს?
შემიყვარდა ასე გაიდუმალებული ყოფნა,
ყველას რომ ჰგონია ძირითადმა ქარბორბალამ გადაიარა და ჩემს სულსა და გულში სიმშვიდე
სუფევს, არადა როგორ ბობოქრობს ჩემი ფარავანი. მხოლოდ ჩემი დარდგადაშლილი ფარავანი.
ამხელა ფარავანი სად გინდა დაატიო ადამიანმა. რამხელა
გული უნდა გქონდეს ფარავანი დაიტიო,ამას მხოლოდ ცისგული თუ ეყოფა, უსასრულო და უკიდეგანო
ცისგული. მე კი ვიპოვე ჩემი ცისგული , ამიტომ ჩემთვის აქაურობას ცისგული ჰქვია.
სრულიად უკვდავი გგონია თავი , როცა ცისარტყელას ზემოდან დაჰყურებ.
ყოფილხართ ვინმე ცისარტყელაზე ზემოთ? მე ვყოფილვარ და ეს არის ის ემოცია რაც ფარავნისხელა
გულმაც კი ვერ დაიტია. ის იყო ნამდვილი ცისარტყელა, აბა კორპუსის თავზე , რომ გამოჩნდება
ამოხუთულ ქალაქში ის რაა? ფარავნისხელა გულით მინდოდა ცისარტყელას იქით გადასვლა. ვცადე...
მერედა რამხელა გულით ვცადე ... მერედა რამხელა გულით შეეცადა სრულიად უცხო პირღიმილა და გულდარდიანი ადამიანი ჩემს დახმარებას , რომელიც ჩემსავით დარდს, ტკივილსა და წყენას იყო გამოქცეული , მაგრამ მე ვერ შევძელი...
მან ეს მოახერხა და ალბათ ოცნებაც აუხდება , თუ ჩაიფიქრა რა თქმა უნდა . ალბათ ჩაიფიქრა, ან იქნებ არც არაფერი ჩაუფიქრებია და უბრალოდ ჩემს სურვილს აყვა, არ ვიცი და ვერასდროს გავიგებ. მე კი ვერ შევძელი , ალბათ იმიტომ რომ ნატვრას რომლის ჩაფიქრებასაც ვაპირებდი ცისარტყელმიღმა ახდენა არ უწერია და ღმერთი
გამიფრთხილდა, რომ ამაო იმედი და მოლოდინი არ მქონოდა, თუმცა დღეისათვის ოცნება და ნატვრა შეიცვალა და თუ ოდესმე დავბრუნდები იქ, ისევ შევეცდები ცისარტყელას გადავაბიჯო, ამჯერად ყოველგვარი სურვილების გარეშე, უბრალოდ ჩამოვჯდები და დაველოდები ადამიანს
ვისაც ამ ქვაზე ჩამოვისვამ ჩემს გვერდით და მოვუყვები იმ ტკივილზე , რასაც ატარებს ჩემი
ფარავანი.
ვინახავ დაშბაშს....
No comments:
Post a Comment