წელსაც ჩვეულ დროსა და ჩვეული ამინდით გაშემოდგომდა და მივხვდი ეს იყო ის რაც მჭირდებოდა, ენერგიისთვის... შთაგონებისთვის.
6 გაკვეთილის შემდეგ , როცა დაღლილობისგან აზროვნებისა და მოძრაობის უნარი გეკარგება ამინდი შეიცვალა ლისზე. მოიღრუბლა , ქარი ამოვარდა , გაწვიმდა...
სხვა სიმშვიდე და სიმყუდროვე ჩამოწვა სკოლაში... ბეღურებივით მოიბუზნენ ბავშვები და დამფრთხალი გულების ერთადერთ ნუგეშად ექცევი ხოლმე მათ თბილ სულს.
-ქალბატონო თამთა, შტორმია?
-ნუ გეშინია ნოდო, დღეს არ არის შტორმი გამოცხადებული . დაამშვიდა ნიკოლოზმა.
და ასეთ წუთებში ვფიქრობ , რომ ჯადოქრული პროფესია მაქვს. არ მეგულება სამსახური , რომელიც ასე გცლიდეს და გავსებდეს ენერგიით.
არ მეგულება სხვა სამსახური, რომელიც მაიძულებს დილით 5 საათზე დავიწყო სამუშაო დღე პოზიტივითა და ენერგიით სავსემ.
ეს არის სფერო, სადაც ვიპოვე საკუთარი თავი და აქიდან არსად წასვლა არ მინდა. ეს არის სფერო, სადაც ვიპოვე ბედნიერება და სიმშვიდე, ახლიდან ვისწავლე ცხოვრება , "სხვანაირად" დავდექი ფეხზე და ვისწავლე თუ როგორ უნდა შეცვალო ცხოვრებაში ის რაც არ მოგწონს, ვისწავლე როგორ არ უნდა მოგახვიონ საკუთარი აბსურდული აზრები თავს სხვა ადამიანებმა, ვისწავლე როგორ უნდა ვიყო ძლიერი, ვისწავლე ღიმილი როცა სულაც არ ვარ ღიმილის ხასიათზე, ვისწავლე როგორ უნდა დააყენო სხვები სწორ გზაზე, როცა ჯერ მეც ვერ გამიგია სად მიდის ჩემი ცხოვრების გზა, ვისწავლე სხვების დახმარებით საკუთარი ბედნიერების და სიმშვიდის პოვნა, სხვების მოსმენა ვისწავლე , როცა გაუთავებლად ლაპარაკი მინდა, გაჩუმება ვისწავლე ყვირილის წინააღმდეგ, დარდის დამალვა ვისწავლე ( თან როგორ ოსტატურად).
იმდენი რამ შეცვალა ამ პროფესიამ ჩემში ბოლო ორი წლის მანძილზე , რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ. "სხვა" პიროვნებად ვიქეცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტვინი გადამინერგეს, გულიდან კი "ამომფერთხეს" ყველა ის თვისება, რაც უფლებას აძლევდა სხვებს, რომ ჩემი გრძნობებით ჩემთვისვე მოეყენებინათ ტკივილი.
ახლა სხვა "თამთა" ვუყურებ ჩემს ცხოვრებას და ვფიქრობ ეს ცვლილებები რამ ან ვინ მოახდინა...
აი პასუხიც... ჩემი "ცოდნელები", რომლებიც ამდენი რამის მასწავლებლები არიან ჩემთვის. მათთან ვალში ვარ და ვიქნები მთელი ცხოვრება. თავს დამნაშავედ ვგრძნობ მათ წინაშე , მაგრამ ის სიყვარული რაც ჩვენ შორისაა ვიცი, რომ მთელი ცხოვრება გამყვება.
"მთელი ცხოვრება" - და რას ვაპირებ მთელი ცხოვრება? ასე ვაპირებ ჩემი საქმის "ავადმყოფურ" სიყვარულს. ვაპირებ ბევრი ბავშვი გავიცნო, ბევრ სკოლაში. ვაპირებ, რომ მიყვარდეს შემოდგომა, წვიმა და აჭრელებული ბუნება, ვაპირებ მიყვარდეს წელიწადის ამ დროს ჩემს პირად ბედნიერებაზე წერა ჭიქა ჩაისთან და მოგონებებთან ერთად, ვაპირებ წარსულს აღარ "გავტირო" და მხოლოდ მომავალს ავუციმციმო დიდი და მწვანე თვალები... ვაპირებ ბევრი ვიხეტიალო და ჩემი დარდითა თუ სიხარულით მოგაბეზროთ თავი.
ვაპირებ... ეხ, რამდენ რამეს ვაპირებ...


No comments:
Post a Comment