როგორც
წესი შაბათს მთელი კვირა ელოდებიან (ნორმალური) ადამიანები, რომ გამოიძინონ. მე კი
დღეს 5 საათზე მაღვიძარას დახმარების გარეშე გავახილე თვალი და არც მიფიქრია ისევ დაძინება.
სასწრაფოდ ავდექი, მოვიდუღე ყავა და ჩემი წიგნებით, დღიურებით, ბუკითა და პლედით ჩემს
ბუდეში შემოვიკეტე. ყოველ დილით 5 საათზე ადგომა რაღაცნაირად მკვებას , ნაცვლად იმისა
რომ ძალა გამომაცალოს.
შაბათ-კვირას
ველოდები ხოლმე , რომ სხვანაირად დავხარჯო ეს ენერგია. მოვიკიდებ
ზურგჩანთას და მივეშურები, ტყეში და ტალახში სალაშქროდ. სხვა სამყაროში მივდივარ
, რომ ქალაქის ემოციებისგან განვიტვირთო და ახალი ემოციებით ავივსო. ერთ-ერთი ასეთი
გასვლა იყო რამოდენიმე კვირის წინ და იქ ნანახმა ამბავმა ამიკვიატა და თავი ვეღარ მოვუყარე
აქამდე სათქმელს, მანამ სანამ კვირას ბატეთის ტბის ერთმა ფოტომ არ ამოატივტივა გონებაში
ფრაზა „როგორც საორთქლე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდის ნისლები“.
მოკლედ ეს ამბავი ასე იყო:
ბირთვისის
ციხეების დალაშქრვისას რამდენიმე გოგო გიდს ჩამოვრჩით , თუ გამოვასწარით და უღრან ტყეში
და წვიმაში მარტოები აღმოვჩნდით. ჩვენთან ერთად თურმე ერთი ბიჭი მოდიოდა, რომელმაც
საოცარი ადამიანური ადამიანობით „მოგვხედა“ ამდენ „აწუწუნებულ“ გოგოს. გზად შემხვედრ
ეკლიან ტოტებს შიშველი ხელებით გვიმტვრევდა, რომ სახე არ დაგვკაწროდა, გზას გვიჩვენებდა
და თან იუმორსაც არ გვაკლებდა, რომ რაც შეიძლება მხიარულად ჩაგვეღწია ბანაკამდე.
მოკლედ
ისეთი ბიჭი იყო, რომ შეხედავ და გიხარია, ასეთი ადამიანები ისევ არსებობენო. ბირთვისში
მეგობრებით იყო წამოსული. როგორც ბანაკში დაბრუნებისას გავიგეთ, თავისი მეგობარი იქვე
შუა გზაში დაუტოვებია. არ დაელოდა და გზა ჩვენთან ერთად გამოაგრძელა. რომ ჩამოვედით
ბატონი “?“-ს სახე არ დამავიწყდება , უღრან ტყეში, მგლების "იმედად" დარჩენილს და ტურის
წევრებისგან მიტოვებულს სიმწრისგან თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა.
ასე
იყო ეს ამბავი. ერთ დღეს ერთ ადამიანში , სხვადასხვა სახე ვიხილე. ასე ხდება ხოლმე
, ერთი შეხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას ესა თუ ის ადამიანი როგორია? საბა არ ჰგავს
ისეთ ბიჭს, რომელიც უცხო გოგოების გამო საუკეთესო მეგობარს გასაჭირში დატოვებდა , მაგრამ
იმ დღეს ამ ფაქტს არც არავინ ჩავღრმავებივართ და მხოლოდ „ინტრიგების“აგორებას შევუდექით
. ბევრი ვიცინეთ და თან კოცონთან სველ ტანსაცმელს ვიშრობდით.
თბილისში
დაბრუნებულებს ალბათ არც გახსენებიათ ეს ამბავი. მე კი ერთი წუთითაც არ დამვიწყებია
და იმის მერეა მინდა დავწერო იმ „ ზედაპირულ“ შეფასებებზე , რასაც ვიქმნით ხოლმე გარშემომყოფებზე
და თანავარსებობთ ამ შეფასებებით, ბედნიერები ან უბედურები.
გულს
მიჭამდა ეს ფიქრები და თავი ვერ მოვუყარე აქამდე სათქმელს . წინა კვირას კი , ბატეთის
ტბაზე ყოფნისას ჩემმა მეგობარმა ერთი ფოტო გადამიღო. ფოტოზე ის ფრაზა გამახსენდა, რაც
სათაურად გამოვიტანე და გამეცინა. ახლა ეს ფოტო ,რომ ამეტვირთა ყველა ულაპარაკოდ დაიჯერებდა
, რომ ტბაზე მართლა ნისლი იყო, არადა სინამდვილეში იმ კოცონის კვამლია, რომელიც ბიჭებმა
მწვადისთვის დაანთეს.
და
ასეა ყოველდღიურ რეალობაშიმ რამდენ ტყუილს ვამბობთ, ისე რომ მის ნამდვილობაში არავის
შეაქვს ეჭვი და ლამაზი ფრაზების „უკან, სულში“ არავინ იხედება. რამდენ როლს ვირგებთ,
რამდენ მიმიკას იმისათვის, რომ სხვებს ან საკუთარ თავს რაიმე დავუმტკიცოთ. შევიქმნათ
იმიჯი, რომელიც გვინდა რომ გვქონდეს , მაგრამ სინამდვილეში არ გავქვს. დღეს კი სასურველი
იმიჯის შესაქმენლად , ისე როგორც არასდროს რამდენი საშუალებაა? სოციალური ქსელები,
ტურები, ივენთები , სამსახური.... სადაც ერთხელ ჩაიცვამ ბოლო მოდელ კაბას და გაქვს
იარლიყი, რომ მოდას აყოლილი ხარ. ყოველ დილით მაკიაჟით მიმალავ ტუჩის კუთხეში გაბზარულ
სევდას , გაიღიმებ, „დაისელფები“ და ეგ არის... მშვიდი და ხალისიანი ხარ.ამ სიმშვიდის
უკან კი, რომელი ზღვა ბობოქრობს ვერავინ ხედავს. ნაცნობებთან საუბრისას იტყვი ისეთ რამეს რაც უბრალოდ
გინდა , რომ ასე იყოს და მარტივად იჯერებს ყველა, ყველაფერს. მერე მოგაკრავენ იარლიყებს:
შენ
საერთოდ დარდობ რამეზე?
უიმე,
შენ ტირილი იცი საერთოდ?
უბრალოდ
ზედმეტად განებივრებული ბავშვი ხარ.
და
ა.შ. იარლიყების მთელი არმია და შენც ექცევი ამ შეფასებების გავლენის ქვეშ და იქცევი
როლის შესაბამისად, მთელი მონდომებით ასრულებ როლს, რომ დაუვიწყარი იყოს ის მაყურებლისთვის
და ტაში დაგიკრან წარმოდგენის შემდეგ. „სცენიდან ჩამოსულს“ კი უბრალოდ ტირილი, ყვირილი
და შეკავებული ემოციებისგან დაცლა გინდა და მხოლოდ მერე ხვდები, რატომ არიან ფსიქიური
აშლილობის მსხვერპლნი მსოფლიოში ცნობილი მსახიობები. მთელ ფსიქიკურ და ფიზიკურ ენერგიას
უძღვნი ამ როლის შესრულებას და ვერ ხვდები, რომ სწორედ ეს განგრევს და განადგურებს.
მაგრამ რაღაცნაირი საუკუნეა, სხვანაირად ფონს ვერ გახვალ, უნდა მოერგო ბევრ სიტუაციას
და შენი „სულის კივილი“, რომ ნაკლებად ადარდებს საზოგადოებას უნდა შეეგუო.
ადამიანები
გვიჩვენებენ იმ სახეს როგორებიც უნდათ, რომ იყვნენ , ან იმ სახეს როგორებსაც უნდათ
რომ ჩვენ ვხედვადეთ, ან უბრალოდ ჩვენ ვაფასებთ ადამიანებს ისე როგორც ჩვენ გვინდა და
მოგვწონს, მერე ჩვენც ვიჯერებთ ამ ყოველივეს და ძილს ვიფრთხობთ იმაზე დარდში, რომ მივაღწიოთ
იმ ბედნიერებას და სიმშვიდეს სხვას , რომ აქვს და ჩვენ არა.
მაგრამ
სინამდვილეში რა ხდება? რა ხდება მაკიაჟისა და საპნის ფერადბუშტებიანი ღიმილის უკან,
ადამიანის სულში რახდება, ნაკლებად ინტერესდებიან.
მხოლოდ ის აინტერესებთ რაც ჩანს და რასაც მარტივად შეიძლება შეფასებები და დასკვნები
დავადოთ.
აი ასეთი წვრილმანების გამო მიყვარს ადამიანი მთელი
თავისი დიდებულებითა და იდუმალებით. მიყვარს მატყუარა ადამიანი , რადგან მინდა ამოვიცნო
რომელი ტკივილი და სევდა აიძულებთ მას ამდენი ტყუილის ლაპარაკს. ამ ტყუილით რისგან
ცდილობს თავის დაღწევას.
მიყვარს
ადამიანები, რომლებიც მთელი სხეულით იცინიან ხოლმე. მიყვარს და მინდა სულში ჩავუსახლდე
და გავიგო ამ ლამაზი ღიმილით რას ფუთავს მის სულში და მასთან პირად გრძნობებზე საუბარი
არასდროს მომწყინდება.
ანჩხლი
ადამიანები მიყვარს , მათთან იმაზე საუბარი რომელმა სიმწარემ აიძულა ისინი ადამიანის
ამ ფორმამდე მისულიყვნენ.
მაგრამ
მაინც ყველაზე მეტად მატყუარები მიყვარს. რაღაცას რომ მალავენ მთელი თავისი იდუმალებით
და ოსტატურად აჯერებენ გარშემო ადამიანებს იმას რაც თავად სურს, მაგრამ ყველაზე მეტად
მატყუარა კაცის ბოლო მაფიქრებს, რას იზამს როცა აღმოაჩენს რომ სასურველი და არსებული
რეალობა ძალიან შორსაა ერთმანეთისგან?
ალბათ...

საინტერესო ნააზრევი, ფიქრები და დამოკიდებულებაა, მომეწონა.
ReplyDeleteპ.ს. ოშხივარი არის სწორი.
მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
Deleteაუცილებლად გავითვალისწონებ , ნამდვილად არ ვიცოდი☺️