Tuesday, 25 October 2016

„გავათენეთ მე და ელჯერნონმა“

ამ შვებულების დღეები წიგნების, ჩაისა და პლედის თანხლებით მინდოდა გამეტარებინა.  ბოლო დროს ბევრს ვკითხულობ და მერე იმაზე ვწერ, რა ემოციები დამიტოვა ამა თუ იმ წიგნმა.
„ბოლო დროს“ ?!
და ბოლო დრომდე? შეიძლება ადამიანი ოდესმე არ კითხულობდეს?
შეიძლება...
რამ შეიძლება მიგიყვანოს განვითარების ყველა საფეხურის დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლის მქონე ადამიანი უწიგნობამდე, როცა მილიონობით უნარშეზღუდული ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს წერა-კითხვა და ათასობით სხვა რამ ისწავლოს. ამისთვის კი,  არც ფიზიკურ და არც ფინანსურ ძალისხმევას არ იშურებენ...
მოკლედ ეს ამბავი ასე დაიწყო.
ელჯერნონის ძებნა დავიწყე წიგნის მაღაზიებში და არ აღმოაჩნდათ. სხვა წიგნი წავიკითხე, მაგრამ ელჯერნონზე ფიქრი არ მომშორებია თავიდან. ძებნა გავაგრძელე. ერთ-ერთ მაღაზიაში გადავაწყდი შემთხვევით და იმ მიზეზით, რომ ერთადერთი ცალი იყო შემორჩენილი ქალაქის მასშტაბით ორმაგ ფასად მომყიდეს.

ოქტომბრის წვიმიან შუადღეს პლედითა და მალინიანი ჩაით კითხვას შევუდექი. უღიმღამოდ და უხალისოდ ვკითხულობდი ( ბოლო დღეები უხასიათოდ ვარ, ბევრ რამეზე ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე ვეძებ პასუხს და ვერ ვპოულობ ) დავიწყე...დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. ერთ კვირაზე გათვლილი საკითხავი, ერთ ღამეში, ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე. დღის სამი საათი იყო კითხვა , რომ დავიწყე და შუაღამის 3 საათზე ავწიე თავი წიგნიდან . შევამჩნიე, რომ ვტიროდი. ისიც გამახსენდა , რომ ძალიან დიდი ხანია არ მიტირია. საერთოდაც ბოლო დროს ტირილს გადავეჩვიე. წიგნი დავხურე , თავი ხელებში ჩავრგე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ თავში ბოლო დროს ნაფიქრი მილიონობით აზრი ამომიტივტივდა და ყველაფერმა გადმომხეთქა ამ ღამით. აღარ მეტევა არც გულში და არც გონებაში ემოციანარევი ფიქრები.
ვათენებთ ამაღამ მე და ელჯერნონი. ელჯერნონმა საკუთარი თავი გამახსენა. წლების წინ მეც მასავით მონდომებული ვეძებდი ლაბირინთიდან გამოსასვლელ გზას.  ელჯერნონს უმართლებდა, მე-კი არა. ელჯერნონი საჭმლისთვის იბრძოდა, მე - კი ადამიანური ურთიერთობებისთვის. ელჯერნონისთის სტიმული და მოტივატორი ყველის ნაჭერი იყო, ჩემთვის ? ჩემთვის- ადამიანების ადამიანობის დანახვა. მინდოდა მათგან მეტი ფაქიზი და სათუთი ემოცია მიმეღო, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასი იყო და ასე ვუფრთხილდებოდი.
მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა . განათლების საფეხურებს ვიცვლიდი , თუმცა ემოციებს ვერაფერს ვუხერხებდი. მინდოდა ადამიანური გრძნობებით სავსეს მეცხოვრა და ეს სიყვარული , რაც გულში მაქვს კაცთა მოდგმის მიმართ ყველასთვის გამეზიარებინა.
ყველაფერი ისე არ მოხდა როგორც მინდოდა და ერთბაშად შევწყვიტე ყველაფრის კეთება. სიყვარულის გაცემა, ღიმილი და თანადგომა უცხო სიტყვები გახდა ჩემთვის. ყველა უბედურებაში, რაც თავს გადამხდა ღმერთს ვადანაშაულებდი, რომ არ ვუყვარდი, არ ვახსოვდი, არ მფარველობდა და იმიტომ აირია ყველაფერი.
მაგრამ თურმე როგორ , როოგორ ძლიერ ვუყვარვარ ღმერთს, როგორ მიცავს, როგორ მიფარავს და ხელში აყვანილი დამატარებს ცხოვრების გზაზე, რომ ყოველგვარ უმეცრებასა და უვიცობას აარიდოს ჩემი ბავშვური გული, რომელიც ბიოლოგიური ასაკისა და დროთა განმავლობაში გადატანილი ტკივილის მიუხედავად არ იშლის ადამიანთა უზომო სიყვარულს. არ იშლის სხვების დახმარების ცხოველ სურვილს, დახმარების გასაწევად ყოველთვის მზად რომ არის...
ახლა ვზივარ და ვეკითხები საკუთარი თავს? რატომ იყო, რომ ადამიანობა დავკარგე , ჩამოვუშვი შავი ფარდები ჩემს ცხოვრებაში და უღმერთობამდე და უწიგნობამდე მივედი. ერთადერთი რაც ამ წლების მანძილზე არ შემიწყვეტია ეს სწავლა იყო, რომლის მნიშვნელობას მაშინ ვერ ვხვდებოდი. დიპლომი, როგორც ასეთი ვერაფერს გასწავლის ცხოვრებაში რა უნდა აკეთო სწორად შეცდომების გარეშე , რომ იარო, მაგრამ განათლება ის არის რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გონებას „გიჩარხავს“ და ხვდები რომ აღარ გინდა მისცე ადამიანებს შენი მართვის უფლება, საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსის დასაკმაყოფილებლად ,  არ გინდა ჩაკლა ის პოტენციალი, რომელიც შენშია და მის განვითარებას ხელს უშლიან .
„განათლება დიდი ვერაფერი ბედენააა ადამიანური განცდების გარეშე“. და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, სანამ ადამიანობა არ დავიბრუნე ვერც განათლებას მივეცი სწორი გზა. დღითი დღე ვხვდები, რამდენი რამ მაქვს სასწავლი და რა ცოტა დროა ამ ყველაფრისთვის. რა ძნელია შეისწავლო ადამიანის ბუნება. ზოგჯერ ფიქრობ რა ჯობია, სწავლა თუ უსწავლელობა. რაც უფრო ცოტა რამ იცის ადამიანმა, მით ნაკლები სადარდებელი აქვს და ჰგონია, რომ ყველაფერს ფლობს,  მაგრამ რამდენი საფეხურითაც ღრმად ჩადიხარ განათლების სიღრმეში ვეღარ ჩერდები და უფრო ქვევით მიიწევ. ის რაც გუშინ საკმარისი გეგონა დღეს სრულიად არასაკმარისია, გარესამყაროს აღქმა იცვლება, შენ იცვლები, შენი ფიქრები და ემოციები იცვლება, სხვანაირად აღიქვამ სამყაროსა და ადამიანებს, გადააფასებ ყველაფერს და შეიძლება ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გეგონა სრულიად უმნიშვნელო გახდეს. სხვა ადამიანი ხდები , უფრო ღრმა , მოვლენებს სიღრმისეულად აფასებ და ამდენი ფიქრით სევდიანი ხდები. შეიძლება იმდენი ღიმილისა და „ამჩატების“ სურვილი აღარ გქონდეს და ამით ცილი დაგწამონ, რომ „ორი წიგნი წაუკითხავს და ცხვირი აუწევია, თავს არ გვიტოლებსო“, არადა რამდენად ღრმაა ის ყველაფერი , რასაც განიცდი და ფიქრობ. ცდილობ, ეწვალები ყველაფერს მიზეზი და ახსნა მოუძებნო, ერთ წიგნში თუ ვერ გაეცი ვერც ერთ კითხვას პასუხი ათობით სხვა წიგნში იქექები და კითხვებიც ემატება შენს გონებას , მაგრამ ეს მომწონს და ელჯერნონივით დავხტი ლაბირინთებში უამრავ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მიუხედავად იმისა რომ ჯერ პასუხები არ მაქვს ვაგრძელებ სიღმეებში ქექვას და ორიოდ სიტყვას შემოვინახავ ხოლმე ამა თუ იმ წიგნის შემდეგ, რომ „დამეწერინება“.
კითხვებზე პასუხებს წიგნებში ვეძებ და ეს ცხოველი ინტერესი მაიძულებს ვიკითხო, მაგრამ წერას რა მაიძულებს? საერთოდაც რაც მაინტერესებს არც ერთ კითხვაზე არ მაქვს პასუხი, გარდა ერთისა, რომ წერასთან იმ სიკეთემ დამაახლოვა , რომელიც ჩემს გულში ჩემთან ერთად თანაარსებობს. სიკეთემ, რომელიც ვიცი სხვისთვის სასაცილო და აუხსნელია. წერისკენ მიბიძგებს უბრალოდ იმის გააზრება, რომ მეგულება ადამიანი „სადღაც“ არც შორსა და არც ძალიან ახლოს, რომელიც საიმედო მსმენელი და ერთგულზე ერთგული მრჩეველი იქნება, როცა არ უნდა დამჭირდეს. სიკეთე , რომელმაც დამაბრუნა ღმერთთან, დედასთან და საკუთარ თავთან. უბრალოდ ადგა და ჩემს მიერ დამახინჯებული სამყარო თავზე დამაფერთხა და თავისი თავისგანვე დამოუკიდებლად მაჩვენა, რომ სამყაროში არსებობს სიკეთე, რომელიც ჩემს გარშემოა და მხოლოდ უნდა დავინახო, გული გავუხსნა , ჩემში შემოვუშვა და სხვა ყველაფერი მისით დალაგდება.
მთავარი გმირი ( სახელებს ვერასდროს ვიმახსოვრებ) ინტელექტისა და ადამიანური გრძნობების გაცემის აუცილებლობაზე საუბრობდა. ახლა კი ვუპოვე ახსნა ჩემს აუხსნელ სიყვარულს ადამიანებისადმი .
არ ვიცი რაც მოხდა რატომ მოხდა?
დღემდე ვერაფერს ვხსნი წარსულიდან ჩემს ცხოვრებაში.
ერთადერთი ის ვიცი , რამ მოახდინა ნათელი სხივის გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. ვიცი როდიდან დაიწყო ცვლილებები. ვიცი როდის ვისწავლე ხელახლა ღიმილი, ის დღეები მახსოვს დედაზე ხელახლა, რომ დავიწყე ზრუნვა და მისი ღიმილი ჩემი ცხოვრების მთავარი ამოსავალი წერტილი გახდა. ვიცი როდიდან გამიჩნდა ადამიანების გვერდში დგომის სურვილი, მათი გაჭირვების გაზიარების და დახმარების სურვილი.
მადლიერება, აი რა მინდოდა გამომეხატა ამ წერილით და მეთქვა მთავარი სათქმელი. მე მიყვარს ადამიანები, რომლებიც თუნდაც „გაკვრით“ არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში, მადლიერი ვარ ყველა მათგანის, ვინც მატკინა, მაწყენინა და იმედები გამიცრუა, იმათიც მადლიერი ვარ ვინც მატყუებდა და იმათიც ვისი ქცევაც დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის. ყველა ადამიანისგან ხომ ვსწავლობთ რაღაცას , რითიც ცხოვრების გამოცდილებას ვიძენთ, მაგრამ არაფერია იმაზე ამაღელვებელი, როცა მადლიერების გრძნობა გაბედნიერებს, იმის განცდით, რომ შენს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ერთხელ შენი გასაკეთებელი თავის თავზე იკისრა, დაგეხმარა, მოვლენები სხვადსხვა ჭრილიდან დაგანახა.
ვფიქრობ ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რისი დანაკლისიც მთავარ გმირს გააჩნდა(სახელი არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვა რამდენიმე წუთის წინ დავამთავრე), ვსწავლობ , ვაზროვნებ, ვვითარდები და მიყვარს. მიყვარს ადამიანები და ვცდილობ გავუგო და დავეხმარო მათ. თუმცა ხშირ შემთხვევებში ისინი უფრო მეხმარებიან მე. და ამ ორმხრივი ურთიერთობით ვარ მშვიდი, ბედნიერი და მადლიერი.

P.S. ღრმა ემოციური ფონით განპირობებული აღმომხდარი ღაღადია ჩემი გულის, რომელიც თქვენზე (ადამიანებზე) უზომოდ არის შეყვარებული და ვფიქრობ სადღაც აზრები გამექცა იმიტომ , რომ ბევრი რამ მინდოდა მეთქვა. რა გამომივიდა არ ვიცი. იყავით კრიტიკულები, ვიღებ და ვითვალისწინებ შენიშვნებს. <3


No comments:

Post a Comment