Thursday, 7 December 2017

"ბატონებიდან ბატონამდე - ანუ ელიფ შაფაქი for me




აკვიატებიდან აკვიატებამდე ვცხოვრობ. აკვიატებული სურვილებითა და ოცნებებით ვატარებ დღეებს. ზოგს ვისრულებ, ზოგს - ვერა. მეტნაკლებობა ყველაფერშია, მათ შორის ჩემს აკვიატებებშიც.  ბოლო  წლის განმავლობაში ორი რამ ავიკვიატე და ტვინში მიღიტინებდა იქამდე სანამ არ ავისრულე. 


თქვენთან არ ვიცი, მაგრამ ჩემთან სამყარო ერთიანდება იმ წიგნის გარშემო რომელსაც ვკითხულობ. ფაქტები და მოვლენები(თუნდაც წლების წინ მომხდარი )ისე ეხლართება ერთმანეთს თითქოს აქამდე იმიტომ ვარსებობდი და იმიტომ ჩავდიოდი ათას სისულელეს, რომ ჩემი ცხოვრების არსად ეს სიგიჟეები ჩამეთვალა ამ წიგნში რომ ერთიანდება და ბოლოს ცრემლამდე (სიხარულის, სინანულის, აღტაცების .....) მიმიყვანა. 


სიმართლე რომ გითხრათ მიყვარს ცრემლები. ცრემლია ადამიანის ადამიანობის დასტური. თუ დიდი ხანი გავიდა ისე რომ არ ვიტირე საკუთარ თავს ვეკითხები რატომ ვერაფერი ვიგრძენი, მაგრამ ბოლო დროს ბევრს ვგრძნობ, ბევრს განვიცდი და ეს იმიტომ რომ აღტაცებაში მოვყავარ წიგნებს , რომლის გარშემო ისევ შეიკრა მორიგი წრე, წრე ჩემი ცხოვრების მომდევნო თავგადასავლის. 






ამ წრის ცენტრში ელიფ შაფაქია, თავისი შემოქმედებით: „სიყვარულის 40 წესი" და „ევას სამი ქალიშვილი“,  ხოლო ცენტრიდან თანაბრად არის დაშორებული  შემდეგი სიტყვები: ჩუტყვავილა ბატონები, მოგზაურობა თურქეთში, ჯუთა, ელექტრონული ფოსტა, თავად ბატონი და თქვენი მონა მორჩილი მე, რომლის  სამყაროს სხვისთვის უხილავი ნაპერწკლიდან წარმოქმნილი კოცონი  აჩახჩახებს , ისე რომ ამ კოცონის სითბოს მარტო თვითონ გრძნობს, სინათლესაც მარტო თვითონ ხედავს და მინავლებული ნაკვერჩხლის ტკივილსაც მარტო დაატარებს.

ბევრი რომ არ გავაგძელო შარშანდელი შობის გატარება სტამბოლში გადავწყვიტე. წინა დღეების უქეიფობა გადაღლას დავაბრალე და ჯიუტად გავაგრძელე ჩემოდნის ჩალაგება,რომელზეც  ხელჩანთასავით შემოსკუპებული მას მერე აღმოვჩნდი , რაც ფრენის დილას სარკეში საკუთარი სახის მაგივრად ჩუტყვავილა ბატონების ყვავილები დამხვდა.



ჩაიშალა ფრენა... დავრჩი სტამბოლის  თავგადასავლების გარეშე , თუმცა ექიმის რეკომენდაციით აღვიჭურვე კალმითა და ფურცლით და ჩამოვწერე სურვილები, რომელთა შორის იყო „სიყვარულის 40 წესი“. მომაჯადოვა არა სიყვარულის წესებმა, არამედ მისტიკამ რომელიც მთავარ პერსონაჟებს შორის ელექტრონული ფოსტით ურთიერთობამ მომიტანა.



იმის მერე  ავიკვიატე, რომ ყველაზე საინტერესოა სრულიად უცხო ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა ელექტრონული ფოსტით. აკვიატება მივაყუჩე მუცელატკივებული ბავშვივით, რომელსაც ჩახუტებით დროებით აჩუმებ მაგრამ კაცმა არ იცის როდის წამოიტირებს. ხოდა მიყუჩებულმა აკვიატებამ გამოიღვიძა მას შემდეგ რაც ერთი დეტექტივის ძებნისას ჩემი გზა გადაეკვეთა ერთ ახალგაზრდას, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფებოდა და დახმარება სჭირდებოდა. ვეძებეთ და საინტერესოდაც გაგვაკრიტიკეს ამ დეტექტივის გამო... ამას მოყვა....მოყვა.....მოყვააა და მოყვა ის რომ ერთმანეთს ვუზიარებდით დღის ემოციებს საქართველოდან მისი დანიშნულების ადგილამდე . ამასობაში „ევას სამი ქალიშვილი“ გამოსცეს  და როგორც ყოველთვის მივაფრქვიე ემოცია , რომ ველოდი და ვიყიდე წიგნი რომლის ავტორის იდეა ელექტრონულ ფოსტაზე მოსვენებას მიკარგავდა. ორ წამში გაჩნდა ჩემს „ინბოქსში“ მისი ელექტრონული ფოსტა წერილით : - ველოდები.



ახლა ვწერთ ერთმანეთს მხოლოდ მაშინ როცა რომელიმე ჩვენგანს ინტერნეტზე ხელი არ მიგვიწვდება. ერთ-ერთი მიუწვდომლობა მე მჭირდა როცა ჯუთას დასალაშქრად ვიყავი წასული და დამხვდა ფოსტა , რომლის შინაარსი ყველაზე საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის, მითუმეტეს ჯუთაში, სადაც  მეორედ ვიყავი . პირველად ზაფხულში - ორი წლის წინ. იქ ჭაუხებთან  ერთი დიდი ლოდია . მახსოვს გადავწყვიტე რომ ცხოვრება თავდაყირა დამეყენებინა. მოვახერხე და - „დავაპირქვავე“. ახლა თითქმის იმავე ქვასთან გამოვცხადდი ხელში „ევას სამი ქალიშვილით“, გულში ერთი აკვიატებით ნაკლები, ამავე გულში ერთი პიროვნებით გამდიდრებულ-დამშვიდებული, რომელთანაც მაკავშირებს მხოლოდ ელექტრონული ფოსტა და ელექტრონული ფოსტის მიღმა არსებული ჩემი გრძნობების ოკეანე , რომლის საწყისს ვხედავ, მასშია, დასასრული კი არ უჩანს და არც მინდა ვხედავდე. სად უნდა დავინახო დასასრული როცა ის ახლა სტამბულშია , მე თბილისში, გვერდით მყავს მომწყვდეული ელიფ შაფაქის ორივე წიგნი და იდეად გაჟღერდა კრუიზი, რომელიც მინდა სტამბულიდან დაიწყოს.






შეიკრა წრე რომლის ცენტრში ელიფ შაფაქია.  ქალი რომელიც წერს ქალებზე, ძლიერ ქალებზე, გზაჯვარედინზე მყოფ ქალებზე ,რომელიც ხან ავტორი მგონია, ხან საკუთარი თავი. 



მოკლედ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ვფიქრობ  რომ ცხოვრებაში არსებობს დღე, წუთი ან ერთი კონკრეტული ქცევა რომელიც მთელ მომავალ ცხოვრებას , ხასიათს , დამოკიდებულებებს, მსოფლმხედველობას გიცვლის. საკუთარ თავს და მასთან ერთად სამყაროს უღრმავდები. ამ დროს ხდები საზოგადოებისთვის ჯერ განსხვავებული და შემდეგ მიუღებელი. ერთეულებისთვის უბრალოდ საინტერესო იმისთვის, რომ სულში ხელები გიფათუროს , ესეც მხოლოდ იმიტომ რომ მერე სხვასთან გამოამზეუროს შენი გულიდან ამოფხეკილი გრძნობები და ამით თავი მოიწონოს. 


ეს პერის ცხოვრებაა . საკუთარი თავისთვის მიუღებელი ცხოვრება, აწმყო რომელიც წარსულმა განსაზღვრა და სამუდამო კვალი დააჩნია. პერიმ შეძლო ბოდიშის მოხდა , რასაც ვფიქრობ ალბათ ვერასდროს შევძლებ.
 
მაგრამ ცხოვრება ესაა, წრეა და ბოლოს ყველაფერი ერთ დიდ ამბად იკვრება, ისე როგორც ჩემ შემთხვევაში შეიკრა ჩუტყვავილა ბატონების გამო ჩაშლილი მოგზაურობა ბატონ... თან ერთად სავარაუდო კრუიზამდე.





No comments:

Post a Comment