დიდტანიანი
წიგნები ჩემი ტკივილია. ეს ალბათ დიდწილად ბავშვობის კომპლექსების , (მთელი ნათესაობა
ყოველ ნახვაზე , რაც საკმაოდ ხშირი იყო მიუხედავად ბნელი 90-იანებისა, ჩემს დღის რაციონს
ღორის საჭმელ ქატოსთან, რომ
აიგივებდა, ხოლო მე, თავად არ მეუბნებოდნენ , მაგრამ თავს საშობაო ღორად კი ვგრძნობდი
ხოლმე) ცოტა კი „უმანკოების მუზეუმის“ და
„ემას“ დამსახურებაა.
ბოლოს
ხსენებულმა ერთ-ერთმა წიგნმა „ლავ სთორებზე“ გული ამიცრუა. გადავწყვიტე
, რომ დრამების კითხვაში ამოვწურე საკუთარი
თავი და დრო იყო რაღაც ახალს შევჭიდებოდი . ამ სულიერ - ხორციელ - ფსიქოლოგიურ - მორალურ
გარდაქმნის ფაზაში მყოფს სულზე მომისწრო პრუსტმა თავისი სვანისა და ოდეტის ამბით.
გვერდების
რაოდენობას , რომ დავხედე ისევ ბავშვობის დიდტანიანობის კომპლექსმა იყივლა ჩემში და
დახლს გვერდით იმ კატასავით ჩავუარე, უძეხვობა პარასკევით რომ „ინუგეშა“ , მაგრამ ყივილის
ფაზა გაგრძელდა და რა იყივლებდა თუ არა ზაფხულის სვანეთში მოგზაურობა. ამ ომონიმურმა
კავშირმა ჩემს მკლავებ ქვეშ მოაქცია „სვანის მხარეს“.
შემთხვევით ხომ არაფერი ხდება დედამიწაზე, მე ასე მწამს
და ვისაც სხვანაირად გწამთ , გადავიწევით, ჩაგატარებთ , არ არის პრობლემა...
მოკლედ
კითხვა დავიწყე ნაძალადევი ენთუზიაზმით(ასეთიც
არსებობს თურმე), რადგან ეს ჟანრი პირველი იყო ჩემთვის და ვუფრთხოდი მის სიღრმეებს.
პირველია ეს სარკაზმულ-ირონიული ტონი, (რომელიც
მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ)
და რომელიც
ყურში ჩამესმის წერისას. მეტისმეტად უჩვეულოა ჩემთვის, ადამიანისთვის რომელიც როცა
კი წერას ვიწყებდი, ვგოდებდი და ვღაღადებდი იმაზე რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რომ მე
ყველაზე ეული და დაჩაგრული ვარ და ა.შ.
ეს
ნაძალადევი ენთუზიაზმი ნაძალადევ კი არა თავისუფლების (მეტროსი არა) გაჩერებად იქცა.
იკითხება მდორედ, ისე როგორც ეკადრება პრუსტს, თითოეული წინადადება ჩაღრმავებასა და
დაფიქრებას რომ საჭიროებს. მიბრუნებას, ხელახლა ამოკითხვას გასააზრებლად ან უბრალოდ
სიტყვების ამ ჰარმონიისგან სიამოვნების კიდევ ერთხელ მოსანიჭებლად. ავუშვი აფრები,
გავშალე ფრთები, შევყევი ოცნებას და ამ დროს „წკაპან“, ფბ მოსული ე.წ.
ჯიკება , რომელიც რომელიმე თამაშისთვის სიცოცხლის თხოვნად ჩავთვალე და ყოვლად გაუაზრებლად
დასტური მივეცი, როგორც აღმოჩნდა ურთიერთობის დაწყების ახალ ფორმას (ნუ ჩემთვის ახალს).
ვიგონებ
მის სახელს , რომელსაც რა მოგონება უნდა ყოველ დღე „მიტრუალებს“ ამ ჰელოუინის გოგრასავით
გამოღრუტნულ თავში, რომელიც სავსეა ათასგვარი სიგიჟითა და თავგადასავლების წყურვილით,
რადგან მგონია რომ იყო წლები რომლებიც წამართვეს , ახლა კი სუნთქვას დახარბებულივით
ვისრუტავ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც იქნება იუმორთან, პოზიტივთან და თავგადასავალთან
დაკავშირებული.
მოგონებებზე,
როცა ვიწყებ ლაპარაკს რა დამავიწყებს პრუსტის იმ სითბოსა და ემოციას რითიც ის იხსენებს
ბავშვობას (რასაც
ვერ ვიტყვი ჩემი ბავშვობის იმ ეპიზოდზე დასაწყისში რომ ვახსენე). ყველა დეტალს (თუნდაც
ტკივილით და დარდით სავსეს)ისე იხსენებს, ისე გიყვება თითქოს შენი უახლოესი მეგობარია,
რომელთან ერთადაც გაიზარდე და თითოეულ მკითხველს (პირადად) უ(ა)ზიარებს „მოგონების“ ხელოვნებას. როგორი უნდა იყოს ის, რა
სიღრმეებში შედიოდეს, რა დოზით, თითოეულ დეტალს ისეთი სიამოვნებითა და მნიშვნელოვნებით
აღწერს, წიგნის დასრულების შემდეგ (და ალბათ მთელი დარჩენილი ცხოვრება ) ასეთი სითბოთი და ტუჩის კუთხეში მიმალული ღიმილით
მოვიგონებ „ჯიკებით“ დაწყებულ რბოლას ჩემსა
და მას შორის. ეს იყო , აღარ არის და არც განმეორდება ორი ადამიანის თავდადებული „რბოლა“
ურთიერთობაში ლიდერობის დასამყარებლად, მაგრამ მე ლიდერობისთვის რბოლის წესებს გადავცდი
და არც მეტი , არც ნაკლები ამდენ წლიანი განტვირთვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს იყო
ის „მონსტრი“, რომელიც მინდოდა რომ მყვარებოდა. ამისკენ ისევ პრუსტმა „მიჯიკა“.
სვანისა
და ოდეტის სიყვარული? ასეთი ღრმა და თან ზედაპირული, მეამბოხე და ამავდროულად დამთმობი,
ამბიციური და თავმდაბალი, ინტელიგენტური და მდაბიო ... რითი შეიძლება აღწერო ორი, რადიკალურად
განსხვავებული ადამიანის რომანი იმაზე მეტად, რომ თავი წიგნის პერსონაჟად წარმოვიდგინე
და ჩავთვალე, რომ დრო იყო ახალი თავგადასავლის, მითუმეტეს რომ ახალგაზრდა „მონსტრი“
სრულიად მიყვებოდა ერთ-ერთი ფილმის სცენარს და ჩემებრ ეგოისტ მოკვდავს feeling მსახიობი არ მეყო
და წიგნის პერსონაჟის „იმოუშენებიც“ დავიფრქვიე თავზე, თუმცა ჩემი მხრიდან ამ გრძნობების მოზღვავებას იმაზე ადრე მოეღო ბოლო და
ზემოხსენებული ჰელოუინის გოგრასავით თავის სახით აღმოვჩნდი ასფალტზე დანარცხებული და
ბეწვზე გადარჩენილი, რომ გადაწყვეტილება მყვარებოდა „მონსტრი“ მალევე უარვყავ და ისევ
პრუსტის სიყვარული ვამჯობინე.
არ
შემდგარი ურთიერთობის ასე „უმოწყალოდ“ დასრულება კი პრუსტის სიტყვებითვე ვინუგეშე:
„"გარკვეული გამოსახულების მოგონება მხოლოდ გარკვეული წუთის სინანულია" . გამოსახულებები კი ძალიან მკაფიო და ნათელია, საბედნიეროდ მრავლადაც,
მაგრამ განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება გაცნობის დღე, როცა მარიამობის დღესასწაულთან
დაკავშირებით დაცარიელებულ ქალაქში ვმოძრაობდი მე და ის დამსდევდა, რომ სადმე მოულოდნელად
„გამოვეჭირე“ , ამაში თითქოს რა არის დაუვიწყარი, მაგრამ უკვე ანეგდოტია როცა mazda-ს
X5 „ვერ ეწევა“. მერე რა რომ მე ჭავჭავაძეზე
ყველა მწვანეზე გავიარე , ის კი ყველა წითელზე იდგა.
ამ დღისა და კონკრეტულად ამ ფაქტის კომიკურობას წერილი ვერ აღწერს, როგორც
პრუსტის მიერ მოტანილ განცდათა ოკეანეს ვერ გადმოგცემთ მე. მაგრამ რა დამავიწყებს მის
გამწარებულ ხმას „გადააყენე სადმე მანქანა, ვეღარ გეწევი და უკვე ფეხი მიკანკალებსო“.
რა დამავიწყებს ? ან რატომ უნდა დამავიწყდეს, როცა მიუხედავად დასრულებისა და დიდი
„ტრაგედიისა“ რომ ფბ სივრციდან წამშალა მე დღემდე ღიმილით ვიგონებ იმ დღეებს. მთავარი
ესაა. ნებისმიერი თავგადასავალი რაც გამოფუცხუნდება ჩვენს ცხოვრებაში ისე შევფუთოთ
ბოლოს რომ ღიმილით გავიხსენოთ, არ არის აუცილებელი ტანჯვა-გოდება და მეცხრე სართულიდან
ხტუნაობა იმისთვის, რომ რაღაც ისე არ გამოვიდა როგორც გვინდოდა. დადებითი ხომ ყველასა
და ყველაფერშია, ხოდა ჩემი განწყობა ასეთია რომ ამ დადებითის თუნდაც ნაფლეთს გამოვაბა
ჩემი ფანტაზია, და მხიარულებისა და დღესასწაულისთვის განკუთვნილ ფოიერვერკად ვაქციო.
ისე როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფოიერვერკის მიზეზი პრუსტის „სვანის მხარეს“ გახდა.
მიზეზებს კი რა დალევს, სავსეა გარშემო ყველაფერი სიახლეებით , გამოწვევებით, მაგალითად
როგორიცაა ჩემი drift და ამის ასრულების შემდეგ
, დღეს აპრჭყვიალებული სურვილი ოკეანეში ვმართო გემი (მერე რა რომ შეიძლება მასშტაბები
მთლად ასე ფართო არ იყოს.) როცა შესაძლებლობები ასე უკიდეგანოა მოგონებების სინანულისთვის დრო არ/ვერ გვრჩება.
p.s. მინდოდა ეს წერილი გლდანის ვენდისში დამეწერა, რადგან ჩვენი შეხვედრების
ლოკაცია მის მიმდებარედ იყო ყოველთვის. დღეს მივედი დაკეტილი დამხვდა. ჩვენი კრახი
ვენდისმაც ვერ გადაიტანა და გაკოტრდა. :)
No comments:
Post a Comment