Wednesday, 16 November 2016

“new challenge” – ანუ მეტი წიგნი ბუნებაში

„რა უბრალო რამ არის სიკეთე. უბრალოზე უბრალო. დროულად ნათქვამი იმედიანი სიტყვა. მეგობრული საქციელი. წამიერი ღიმილი.“ (რ.ჯ. პალაციო „საოცრება)
 სადაც არ უნდა მივდიოდე.... ლაშქრობაში, სამსახურში, მეგობრებთან თუ უბრალოდ სასეირნოდ, ყოველთვის თან დავატარებ იმ წიგნს, რომელსაც მიმდინარე დროს ვკითხულობ, იმ იმედით , რომ შეიძლება სადმე ლამაზი ხედი ან აქსესუარი აღმოვაჩინო და ჩემს წიგნთან ერთად „დავიჭირო კადრი“ , რომელსაც გავუზიარებ მეგობრებს და შევინახავ ჩემს ფოტო არქივში , ჩემივე იმ უცნაური შთაბეჭდილებებისა და ემოციების სახსოვრად , რომელიც მახასიათებს ხოლმე.
ყოველთვის ვცდილობ „ვაპოზიორო“ ჩემი მეგობრები. „მეგობრები“ იმიტომრომ როცა ვკითხულობ სრულიად მათ სამყაროში გადავეშვები ხოლმე და გამუდმებით პერსონაჟთა თავგადასავლებზე ვფიქრობ. ვცდილობ დავუკავშირო იმ ადამიანებს ან მოვლენებს , რომლებიც ჩემს გარშემო ყოველდღიურობაში ხდება და ახალი წერილისთვის ვიპოვო შთაგონება, პერსონაჟები, სათაური და ფოტოები ( რომელიც მთელი რიტუალია ჩემთვის).
წიგნით ხელში „აღმადაღმა“ სიარულს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს. როცა სხვები ხედავენ წიგნს, აუცილებლად გეუბნებიან თავიანთი საყვარელი წიგნის შესახებ, გიზიარებენ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. მე ჩუმად ვიწერ სათაურებს და კიდევ უფრო ჩუმად „ვინახავ მათ შთაბეჭდილებებს“ და ვცდილობ წავიკითხო მათი რჩეული წიგნები. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ვფიქრობ პირველი რა წიგნიც გახსენდება ის არის შენი სულის სარკე და ამ გზით ვცდილობ უკეთ გავიცნო ის ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან და შედარებით ნაკლებად ვიცი რა ხდება მათ შინაგან სამყაროში .
ამ სულისკვეთებით „აღჭურვილმა“ გაოცება ვერ დავფარე, როცა აღმოვაჩინე , რომ  ყველასთვის ერთნაირად არ აღიქმება  წიგნით ხელში სიარული. სხვა ადამიანებისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს და იფიქროს, რომ წიგნებით იმიტომ დადიხარ, რომ „განათლებული ტიპის“ იმიჯი შეიქმნა და სინამდვილეში გადაშლილიც კი არ გაქვს ეს წიგნები. სწორედ მსგავსი უსიამოვნო ამბის მერე (რომლის დეტალებს მნიშვნელობა არ აქვს , მაგრამ ამ დავას აქვს ორი მხარე, ორი სიმართლე, ორი შეცდომა და ერთი პატარა დადებითი დეტალი ) .
თუმცა ,ერთხელ ისეც მოხდა, რომ ჯერ გადაუშლელი წიგნი „ვაპოზიორე“. რამდენიმე დღის ნაყიდი მქონდა პალაციოს „საოცრება“ და ჩემმა მეგობარმა უკვე იცოდა, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ წერილის იდეა გამიჩნდებოდა, წერილისთვის კი ფოტოები მომინდებოდა და სანამ „გულს შევუწუხებდი“ სადმე ფოტოებზე წავიდეთ მეთქი , სამსახურისკენ მიმავალმა თავისუფალი 15 წუთი აღმოაჩინა და შემომთავაზა ლისზე ჩასვლა ფოტოებისთვის. საბედნიეროდ , წიგნი და პლედი თან აღმომაჩნდა და წავედით.  
ლისის ტბაზე საოცარი სანახაობა დაგვხვდა.

 ვფიქრობ, სიტყვები ზედმეტია...
როცა განსაკუთრებით მშვიდ და სასურველ გარემოში ხვდები ყოველთვის ნატრობ იმას, რაც ყველაზე მეტად გაკლია. მე და ჩემი მეგობარი ერთად ვმუშაობთ. წელს გავიცანით ერთმანეთი და თანამშრომლობა მეგობრობაში გადაგვეზარდა. სამსახურში ერთი საათით ადრე მივდივართ და რომ გვეკითხებიან ასე რატომ ვიქცევით „თავს ვიმართლებთ“ , რომ ბევრი საქმე გვაქვს. სინამდვილეში ვსხდებით ხოლმე და დილით ერთი თერაპიაა წაკითხული წიგნების შესახებ ერთმანეთისთვის  შთაბეჭდილებების გაზიარება, მერე წინა დღის „თავგადასავლებს“ ვუყვები ხოლმე, ის კი ჩვეული იუმორით  უკეთებს კომენტარებს ჩემს ამბებს და ამასობაში 9 სთ-იც ხდება და ვიწყებთ მუშაობას.

ასეთმა პოზიტიურმა , ყურადღებიანმა, ერთგულმა გოგომ მისტიურ გარემოში აღმოჩენის შემდეგ მითხრა:
-თუ ოდესმე მეც ვიქნები ორსულად, ყოველ დილით ვივლი აქ სუფთა ჰაერზეო....
ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. თითქმის წარმოუდგენელიც იყო , ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ამიტომაც თქვა ეს ფრაზა ასე "ფანტასტიკის" სფეროში.
ჩემდა უნებურად , გაუაზრებლად და ზედმეტი ფიქრის გარეშე ვუთხარი:
-ოდესმე კი არა, ძალიან მალე იქნები ... 
ეს ორი წინადადება აქ დავამთავრეთ. სურათები გადავუღეთ ჩემს წიგნს და ერთმანეთს.
ზუსტად 3 დღეში მახარა, რომ  პატარას ელოდება. ეს იყო ჩვენი ერთობლივი დილის „საოცრება“ და თურმე მხოლოდ პალაციოს „საოცრება“ კი არა, ჩემი მეგობრის „სასწაულიც“ ვაპოზიორე.
 ჯერ „გადაუშლელი“ წიგნის სურათების იდეამ ეს დაუვიწყარი დილა გვაჩუქა და აი ამ წვრილმანებისთვის ( თუ შეიძლება ამას წვრილმანი ეწოდოს) მიყვარს ხეტიალი ჩემს წიგნებთან ერთად და ასეთი ამბების გამო ვიქონიე ალბათ, „არაადეკვატური“ რეაქცია და  ვაწყენინე ადამიანს, რომელიც წიგნებით მოხეტიალე ადამიანებზე წერდა.  თუმცა ყველაფერს ხომ აქვს ორი მხარე და ამ დავის დადებითი ის არის, რომ ჩემთვის საფუძველი ჩაეყარა  „new challeng”-ს , ანუ- „მეტი წიგნი ბუნებაში“ , თუნდაც წაუკითხავი, თუნდაც გადაუშლელი, თუნდაც "ტიპობისთვის", მთავარია „სიკეთისთვის“, დროულად ნათქვამი იმედიანი სიტყვისთვის, წამიერი ღიმილისთვის და მეგობრობისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩემთვის და სრულიად სამყაროსთვის.
ახლა ველოდებით პატარა სასწაულს, რომელიც ერთი ციდაა და ვგრძნობ ,რომ მიყვარს, ვგრძნობ, რომ ვზრუნავ და რაღაც სხვა განცდით ვუფრთხილდები. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ „დროულად ნათქვამი იმედიანი სიტყვის“ სასწაულად მოევლინა ჩემს ცხოვრებას და ამ პატარა სიყვარულის გუდამ სითბოთი მახარა, რომ სასწაულები ხდება , სიკეთის ნაყოფი არსებობს და კიდევ ერთხელ დამიმტკიცა, რომ უფალი მეფობს ქვეყანაზე... 

ჯერ ერთი ციდაა და უკვე რამხელა საქმეებს აკეთებს <3
  

No comments:

Post a Comment