Friday, 13 January 2017

„აიღე შენი გატეხილი გული და გარდაქმენი ხელოვნებად“

„აიღე შენი გატეხილი გული და გარდაქმენი ხელოვნებად“- პრინცესა ლეია. მერილ სტრიპის გამოსვლიდან.

მოკლედ ეს ამბავი ასე დაიწყო.

 ახალი წლისთვის მზადება ცოტა ნაადრევად დავიწყე , მაგრამ გულმა სხვანაირი რეჩხი მიყო და ვიფიქრე ეს კარგის მომასწავებელია თქო. არ დავზოგე დრო და ენერგია სადღესასწაულო განწყობის შესაქმენლად.  პირველ რიგში რაც გავაკეთე ის იყო, რომ ვიყიდე საგზური სტამბულის მიმართულებით (რაღატომღაც მაინცადამაინც სტამბულის J ) , დანარჩენი კი როგორც წესი და რიგია საცივიან-გოჭიან და ოჯახის სრულ შემადგენლობიანად დავუწყე ლოდინი ახალ წელს.

შემოაბიჯა წელმა ახალმა და დამტოვა ჩემოდანზე შემოსკუპებული, ხელში ჩუტყვავილა ბატონებით, სახეზე ნიანგის ცრემლებითა (და არა მარტო) და გულში ცეცხლმოკიდებული, რომ მოგზაურობა და ახალი წელი ჩამეშალა.

დავრჩი მწვანე ბრილიანტის ანაბარა .
 
ავადმყოფს ყველაზე მეტი დრო აქვს წლების მანძილზე დაგროვილ  კითხვებზე პასუხის მოსაძებად, რადგან დიდი ქალაქის ყოველდღიურ გიჟურ რიტმს ფეხაწყობილს იშვიათად მაქვს იმის ფუფუნება „წამოკოტრიალებულმა“ ვეძებო კითვებზე პასუხები. როგორც წესი ამას ყველაზე უკეთ საჭესთან ვახერხებ და სწორედ ამის შედეგია, რომ ფარების ასანთებად ხან პატრული მაჩერებს და ხან „სტაიანჩიკი“ იჩენს ჩემდამი უზომო მზრუნველობას.

ასე გაბატონებულ ქალბატონს ამეკვიატა იმაზე ფიქრი რა უფრო მტკივა, ის რომ ოცნება არ ამიხდა თუ ის, რომ ოცნება დამახინჯებული ფორმით დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში.
 ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს რა მტკივა და  „რატომ“?

 რატომ იყო ჩემს ცხოვრებაში ის ბნელი წლები როცა კარიერაზე და ბედნიერებაზე უარს ვამბობდი, ვფიქრობდი რომ ცხოვრება „აქ“ მორჩა და ამიერიდან კარგი არაფერი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში? რატომ ვიხედებოდი ერთი ადამიანის გადმოსახედიდან ?

წლებია (6 წელი) ამდენ „რატომ“-ს პასუხებს ვერ ვცემ და ხშირად ამ კითხვაზე ფიქრების შეყოლის მიზეზია ის, რომ შუქნიშანზე გაჩერებულს მწვანეზე გავლა მანამ არ მახსენდება , სანამ ლამის ფეიერვერკს არ ისვრიან სპეციალურად ჩემს გამოსაფხიზლებლად. 

ოცნებადამახინჯებულ გოგოს ერთადერთ ნატვრად ის მექცა ჩემი ბავშვობის ოცნება უბრალოდ გამქრალიყო მაინც და მისი ასეთი სახეცვლილება და  გაცამტვერება არ მენახა. ოცნებაში ჩემო ძვირფასებო რაიმე მატერიალურს ან ძვირადღირებულს ნუ იგულისხმებთ. სითბოს და ადამიანობას ვიხვეწებოდი იმ ხალხისგან, რომლებსაც როგორც აღმოჩნდა ამ სიტყვების მნიშვნელობა კარგად ვერ გაუაზრებიათ ან უბრალოდ ჩვენი შეხედულებები იდგა ცხოვრების მატარებლის სხვადასხვა მიმართულების რელსებზე. 

რამდენიმე წლიანი უშედეგო ბრძოლისა და  შეგონების შემდეგ ხელი ჩავიქნიე, ქუდი დავიხურე და კარებიც მაგრად მოვიჯახუნე, იმ სივრციდან სადაც ჩემი ადგილი აშკარად არ ყოფილა . დავიწყე ცხოვრება ადამიანებზე გულაცრუებულმა და ადამიანობაზე ხელჩაქნეულმა. მოვირგე ღიმილი და ასე თამამად და ამაყად თავაწეულმა გავაგრძელე ჩემს გზაზე სიარული, „ვითომც არაფერი მომხდარა“ სახით, სადაც ვერ დაგიმალავთ და გულისტკენა და წყენა ჯერ კიდევ ტოვებს ნაკვალევს.


და საოცრება იცით რა არის? ჩემი არ არსებული ბედნიერებისა და გამოგონილი ღიმილის  მეც დავიჯერე. რამოდენიმე თვის წინ კი აღმოვაჩინე , რომ ყოველ დილით ვუღიმი საკუთარ თავს და ვეუბნები, რომ დღეს ძალიან წარმატებული დღე მექნება. და ხშირ შემთხვევაში ამართლებს კიდეც. ხოდა ასე ყოველ დილით გვაქვს ძალიან საინტერესო დიალოგი მე და მეს...

ჩემი მე მეუბნება, რომ ის რაც გადაგხდა იმიტომ იყო , რომ ახლა ყოველ დილით 5 საათზე მე მხვდებოდე და მესაუბრებოდეო....

იმიტომ იყო ის ყველაფერი რომ შენი ბედნიერება არა "იმ" ერთის ღიმილი , არამედ იმ ადამიანის ღიმილი ყოფილიყო, რომელიც ყოველ დილით სარკიდან მიღიმის, მელაპარაკება და წარმატებებს მისურვებს...

ის 6 წელი კიდევ იმიტომ იყო , რომ ბედნიერებისთვის ბრძოლა გესწავლა და შენი ბედნიერება გარშემომყოფთა გაბედნიერება ყოფილიყო, რომელიც ასე მრავლად გყავს და შენგან ელიან, იმ პოზიტივს რომელიც რაც არ უნდა უხასიათოდ იყო ადამიანების ნახვისას უმალ გეწვევა ხოლმე ...

ერთხელ ერთმა მეგობარმა მკითხა: იცი მე ძალიან მიყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვა, დედაჩემს მცენარეების გარეშე არ შეუძლია და შენ რა გიყვარს ასე ძალიან , რომლის გარეშეც ვერ ძლებო....

დაუფიქრებლად , შეიძლება ითქვას გაუაზრებლად და ადრე , რომ არ მიფიქრია ამაზე ისე ვუპასუხე, რომ   მე ადამიანები მიყვარს... მათთან საუბარი მიყვარს და მათზე ზრუნვა მიყვარს. მათ გვერდში დგომა მიყვარს და მათი ტკივილისა და სიხარულის საკუთარი მხრებით ტარება მიყვარს....

ხოდა ავიღე ეს ჩემი გატეხილი გული და დავიწყე იმის ცდა, რომ ხელოვნებად გარდავქმნა. მინდა ჩემს გულში მხოლოდ ადამიანების სიყვარულის ტაძარი ვაშენო და ეს გავხადო ჩემი ცხოვრების ერთადერთ მიზნად. მერედა რა სითბოა, რა ძალაა როცა ვიღაცას ეიმედები, როცა ვიღაცას სჭირდები...

ახლა ყოველი დილა იმედით თენდება ჩემთვის, ის სიბნელე, რომელიც გულში მქონდა სინათლემ და სიკეთის კეთების სურვილმა შეცვალა , სიახლეების მიმართ საოცრად გახსნილი ვარ და ვცდილობ რაღაც ახალი და სხვებისთვი სასიკეთო მეც შევქმნა...

   ჩაშლილ მოგზაურობასაც ქონია დადებითი მხარე,  მშვიდად და ბედნიერი ვმასპინძლობ ჩემს ბატონებს, რადგან ყველა „რატომზე“ პასუხი მივიღე , ადამიანობაზე გატეხილი გულიც გავამთელე და მიზნისკენ დაუოკებელი სწრფვა დავიწყე. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ შეძლებს ჩემს შეჩერებას...

ასე, რომ გაიღიმეთ მეგობრებო... გატეხილი გულით, უგულოთ, ცრემლებით, დარდით ან სიხარულით, მთავარია გაიღიმეთ...


      




         რატომ?


აი, ამიტომ...

No comments:

Post a Comment