მე დედას ორჯერ
ვეყოლე. ორჯერ გავუჩნდი.
ორჯერ გავახარე. მაგრამ საკუთარ თავს ვეკითხები, რომელი შობით უფრო გავახარე დედა.
მაშინ როცა ბნელ 90-იანებში მომავლინა ქვეყანას , თუ მაშინ როცა 2016-ში უფალმა ჩემი
თავი ხელში აყვანილი გადასცა დედას, ყოველგვარ ბოროტებას, სიბნელესა და სიბეცეს გადარჩენილი.
ჯოჯოხეთის ცეცხლს გადატარებული, როცა დედა-შვილი ერთად ვებრძოლეთ ჩვენს ტანჯვას და
ორივე ვფიქრობდით რომ ღმერთმა მიგვატოვა , მაგრამ თურმე კი არ მიგვატოვა უფალი მატარებდა
ხელში აყვანილი, უფალს ვყავდი გულში ჩაკრული, თვალებიდან ცრემლებს მწმენდდა და ჩემი
ნათელი მომავლის გზას აპკურებდა ამ ცრემლებით, რწყავდა და ანოყივრებდა იმ მიწას, რომელზეც
ჩემს ბედნიერებას,ჩემს სიმშივიდეს უნდა ეხარა.
იხარა... აყვავდა
... დღეს ყველაფერი აყვავდა და გაიფურჩქნა. თებერვლის მიწურულს ნუთუ შეიძლება რამე
ყვაოდეს? დამიჯერეთ რომ შეიძლება. იქ სადაც უფლის ხელი ურევია დამიჯერეთ , რომ ყველანაირი
სასწაული შესაძლებელია.
და დღეს მე ბედნიერი
ვფიქრობ, ვგრძნობ და ვწერ ამ ყველაფერს. დღეს ასეა და დღეს მიხარია. მნიშვნელობა არ
აქვს რა იქნება ხვალ. შეიძლება მხოლოდ ერთ დღეში ჩაატიო შენი ბედნიერება და სიკვდილს
მიახლებულმა იფიქრო, რომ იმ ერთი დღისთვის ღირდა მრავალწლიანი ცხოვრება.
დღეს ჩემთვის
ამოვიდა მზე. მხოლოდ ჩემთვის. მხოლოდ ჩემი გულის ასანთებად და გასანათებლად ამოწვერა
მთის წვერზე მზის სხივებმა. თითქოს უფალმა მზეს ჩასჩურჩულა გული სითბოთი, სინაზითა
და იმედით აუვსეო დედის ორჯერ დაბადებულ გოგონას.
ჰაერიდან სიმშვიდეს შევისუნთქავ ღრმად , მზის სხივებიდან სითბოს ვიკრავ და ენერგიით
ვივსები. იმ ენერგიით რომელიც ბედნიერების ფრთებს გასხამს და მზად ხარ აფრინდე , აღარ
ფიქრობ რომ რაიმე სხვა არსებობს დედამიწაზე, კარგავ გონებას და გგონია გაქრა ბოროტება,
გაქრა ტანჯვა და ყველანაირი ტკივილი. ჯოჯოხეთის ცეცხლიდან სულდაღაფული ახლადამოსუნთქული
ბავშვივით ვგრძნობ თავს, რომელმაც პირველად ამოიტირა და შეჰხარა ცხოვრებას. მაგრამ
მე მეორედ დედის მუცლიდან კი არა , ჯოჯოხეთიდან დავიბადე, ტკივილიდან დავიბადე და ამ
ტკივილმა მასწავლა ბედნიერების შეგრძნება, თუნდაც ერთი მზიანი დღის გათენებით, , როცა
სადღაც გელოდება საკუთარი დედა, დედიკო, ტკბილი, თბილი და სიტყვები რომ არ გყოფნის
შესამკობად ისეთი ქალი.
საფრთხე გამოვლილი, რომ ხარ მერე უფრო მეტად აფასებ სიმშვიდეს
და იმ ფაქტს , რომ სახლში მოსულს გელოდება დედა, დედა რომელიც დილით გაგაცილებს სახლიდან
და თბილ ლოცვას გამოგაყოლებს.
ბოლო დროს განსაკუთრებით
ხშირად ვამბობ, რომ დამოუკიდებელი ვარ და ამიერიდან შემიძლია საკუთარ თავს მივხედო-თქო
, მაგრამ ამის პარალელურად მახსენდება საკუთარი უსუსურობა იმ დღეებში , როცა დედაჩემი
სახლში არ მელოდებოდა და საავადმყოფოში იწვა, უცებ დავპატარავდი უდედოდ, გზააბნეულ
ცხვრად ვიქეცი, რომელიც სახლამდე გზასაც ვერ ვაგნებდი, შოკი და აგონია მქონდა იმით,
რომ შეიძლებოდა სახლში მოვსულიყავი და დედა არ დამხვედროდა (თუნდაც საყვედურებით სავსე
, რომ საერთოდ ვერ ვიცლი მისთვის ) .
ვფიქრობ... ვფიქრობ
და ვერ მივდივარ დასკვნამდე რა შეიძლება იყოს ამ გრძნობაზე უფრო თბილი და მნიშვნელოვანი.
დედაზე თბილი მხოლოდ უფალი მეგულება, რომელმაც ანგელოზი მაჩუქა და მას დედა უწოდა.


No comments:
Post a Comment