Thursday, 30 March 2017

"აღარასდროს დავბრუნდები იქ, სადაც...."

დრო გადის.
მოვლენები უფერულდებიან, ან მათი შეგრძნება უფერულდება.
იცვლები.
ყველაფერი იცვლება შენში.
ძლიერი ან სუსტი ხდები.
უფრო გულთბილი ან უფრო გულქვა.
უფრო ემოციური ან პირიქით......
აღმოაჩენ რომ ის სენტიმენტალობა  , რაც ასე მოგწონდა საკუთარ თავში , სადღაც გაქრა.
ამას რა განაპირობებს არ იცი.
პასუხს ვერ პოულობ.
გახუნებულ  ემოციებსა და შეგრძნებებს ეძებ ყველგან და ყველაფერში.
ვეღარსად პოულობ.

ასეთი  გაცრეცილი საკუთარი თავი არ მოგწონს. თითქოს შენში სხვა ჩასახლებულა.




 სად შეიძლება მოძებნო და იპოვო ემოციები, რომლებიც გაცოცხლებს.
დადიხარ და გრძნობ, რომ სულ უფრო ნაკლები ადამიანები გჭირდება თანაგრძნობისთვის. 
სად ვიპოვო ემოციები, რომლებიც გამაჩნდა , რომლებიც დავკარგე და ვგრძნობ რომ მჭირდება. 
ადამიანებთან რომლებიც ჩემს წარსულს უკავშირდება?
ძნელია...
შეუძლებელია იქ დაბრუნება ...
ღირს კი დაბრუნება? ან მინდა კი ?
ამ ორ კითხვას ახლა ერთი პასუხი აქვს:
-         წარსულის ოცნებები კოშმარულ სიზმრებად მაქვს ქცეული და სად დავბრუნდე? ვისთან დავბრუნდე?  რატომ დავბრუნდე? მელოდებიან კი? მიმიღებენ კი იქ , საიდანაც თავქუდმოგლეჯილი, ამბოხებული სულივით გამოვიქეცი.
არც ასეა საქმე... 
იქ დაბრუნება არ მინდა.
.....................................

დავბრუნდი... მაგრამ ადამიანებთან არა, წიგნებთან დავბრუნდი. წიგნის თაროებს მივადექი. იმ წიგნებს მივადექი, რომელთა წაკითხვის შემდეგ დაღვრილი ცრემლები ახლაც წვავს ჩემს სახეს. იმ ფურცლებზე ხომ ჩემი ცრემლები მეგულებოდა, იმ ფურცლებზე ხომ პატარა გოგოს ემოციები მეგულებოდა. ვეძებე, რა გულით ვეძებე, თითოეულ სიტყვას ველოლიავე, თითოეული გვერდის ნომერიც კი მახსოვდა, სადაც ყველაზე მეტი ვიტირე, მაგრამ რა?
 არაფერი...

წლები გავიდა და არანაირი განცდა, არანაირი ცრემლი და ემოცია, არანაირი ტკივილი და ადამიანობის შეგრძნება.
პირობას ვდებ, არასდროს აღარ დავუბრუნდები წარსულის წიგნებს, რომ ემოცია არ გამიხუნდეს. არ დავუბრუნდები შეცვლილი შინაგანი სამყაროთი, რომ ჩემში ის წიგნები დარჩეს იმ დიდებულებით როგორც ადრე იყო . ახლა უფრო მეტად ვგრძნობ ნაკლებ ადამიანობას, ახლა უფრო მეტად ვგრძნობ სიცივესა და გულქვაობას , რასაც ჩემში ასე გაუდგამს ფესვი. პირობას ვდებ არასდროს დავუბრუნდები წიგნებს , რომლებზეც მთელი არსებით მაქვს ნატირები.
მხოლოდ წიგნებს?
არა....
არასდროს არ დავუბრუნდები იმ ადამიანებს, რომლებმაც თუნდაც ერთხელ ამატირეს.
წიგნი - რომელიც აგატირებს...
ადამიანი - რომელიც აგატირებს...
განცდები განსხვავებულია. 
პირველ შემთხვევაში დაბრუნება საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება ის ემოცია, რომელიც მან გაგიჩინა გეძვირფასება, გესათუთება და გაფრთხილება გინდა. გეშინია მისი დაკარგვისა და გაქრობის.
მეორე შემთხვევაშიც საშიშია დაბრუნება... იმიტომ რომ ალბათობა მეტია იმისა, რომ იქ ისევ იტირებ, მაგრამ ამ შემთხვევაში დაბრუნება უკვე შეცდომა იქნება და არა ძველი გრძნობების დაკარგვით გამოწვეული შიშის განცდა.
არასდროს არ დაბრუნდეთ იქ , სადაც დიდი ემოციები გაკავშირებთ. თუ კარგი იყო ეს ემოციები დაბრუნებამ შეიძლება გაახუნოს...
თუ ცუდი იყო ემოცია... მითუმეტეს არ უნდა დაბრუნდეთ. დაპირება ფუჭია...

მე?
მე აღარასდროს დავბრუნდები იქ, სადაც... 

წინ ვიყურები და უკან არასდროს მოვიხედავ. 
წინ იმედია...
წინ სინათლეა...
წინ მომავალია...

პ.ს. წიგნები, რომლებთან დაბრუნებასაც ვნანობ, ნაკლები ემოციის გამო „ჯინსების თაობა“ და „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“.

No comments:

Post a Comment