Sunday, 16 April 2017

"ნასესხები სიცოცხლე" ანუ weekend-ი "ჩემოული"

ყველა ადამიანს უფლისგან აქვს ნასესხები ის დღეები , რომელსაც სიცოცხლე ვუწოდეთ. ამ ნასესხებს, ვინ როგორ გაატარებს მასზეა დამოკიდებული. ზოგჯერ ისე ხდება , რომ ისედაც ნასესხებსა და ისედაც ცოტა დღეებს უსარგებლო, ფუჭ და არაფრის მომცემ ემოციებს ვატანთ.

რაღატომღაც გამახსენდა ეს ამბავი მაინცადამინც დღეს. მახსოვს პატარაობისას სოფელში რომ ვატარებდი ზაფხულის 3 თვეს.  ერთხელ ბიძაჩემმა მთხოვა მანქანა გამირეცხეო, რაც პატარა ბავშვისთვის საკმაოდ სახალისო დავალება იყო. მეც შევუდექი საქმინაობას და ბიძაჩემის „აძინაცატს“ რომ შევავლე თვალი საბურავებთან მინიმუმ ნაზამთრალი ტალახი აღმოვაჩინე და დანის მოსატანად წავედი ტალახის ჩამოსაფხეკად. ბებიაჩემმა  ბიძაჩემს გასძახა:
„ამას რეიზა დაავალე მანქანის გარეცხვა , ხომ იცი რაფერი  უცნაური ბაღანეაო?“ :)

"დოუჯერე ბებია რაცხა უმფროსი, რო გელაპარიკებაო" ხშირად მსაყვედურობდა ბებიაჩემი, ხოდა ბებიაჩემსაც "დოუჯერეთ" ჩემი უცნაურობის შესახებ. აბა სხვა შემთხვევაში რატომ უნდა გადაწყვიტო ამ დღესასწაულის მარტო გატარება? შემთხვევით მესმის , მაგრამ წინასწარ განზრახული  ქმედება, ხომ უფრო მკაცრად ისჯება.

მეც მშობლები გავისტუმრე სოფლებში ბებია-ბაბუების სულის  პატივმისაგებად და მოვემზადე სრული ბედნიერებისთვის ანუ შვებულების მარტო გასატარებლად. წავედი წიგნის საყიდლად და სიმბოლურია, რომ დღესასწაულზე როცა სიცოცხლით სიკვდილი დაითრგუნა ავარჩიე წიგნი ლილიანაზე, რომელიც სიკვდილს ებრძვის და ცდილობს "ნასესხები სიცოცხლის" ბოლო დღეები დაუვიწყარი იყოს მისთვის.

წიგნის მესამედი ოდნავ განათებულ ოთახში სრულიად მარტომ რომ წავიკითხე უეცრად ვიგრძენი რომ მზე მჭირდებოდა. ლილიანამ უბიძგა ჩემს ამ სურვილს, მან სანატორიუმი დატოვა და გაზაფხულს ესტუმრა, მეც ჩავიცვი, დავიხურე, საპიკნიკე აღჭურვილობა მოვიმზადე და თავი აქ ამოვყავი. ადგილზე, სადაც მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანს და დახუჭული თვალებით ბედნიერი სახე მზეს მივუშვირე. ლოცვა დავიწყე (რაც ბოლო დროს ასე გავაიშვიათე), იესოს ლოცვას ვბუტბუტებდი და აღმოჩენა მეუცნაურა. თვალები გავახილე და ვიგრძენი , რომ ჩემში ჩამავალი მზის სითბოსა და სინათლესავით აჩახჩახდა  ერთი აზრი, გულს ისე მოელამუნა მისი აღმოჩენა, რომ სულში დამთბა და გულში გაზაფხულივით აყვავდა და გაიფურჩქნა იმედი. აღმოვაჩინე, რომ ისევ ის ვარ, ძველი ვარ, რაც ვიყავი ის არ გავმქრალვარ  და ცხოვრების ჭკუასასწავლელ დღეებს არ გავუტეხივარ და თუ სადმე სინანული და ეგოიზმი შემრჩა მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანების და არა სამყაროს მიმართ. გული გავაღე საიდანაც სითბოს ნიაღვარი ვიგრძენი. 
არა ხალხო, ამ დღის მადლს ვფიცავ არ შევცვლილვარ, არ დავკარგულვარ. როგორ მივხვდი? თუ ადამიანს ოცნება შეგიძლია, თუ ადამიანი შენს ცხოვრებას რომანტიული მელოდრამის კადრივით უყურებ და დაუშვებ, რომ ყველაფერი კარგი და სასწაული შეიძლება ნებისმიერ წუთს და წამს მოხდეს დამიჯერეთ, რომ ეს ასეც იქნება. 
მეგონა რამდენი წელიც არ უნდა მეცოცხლა სიყვარული ვეღარ იბატონებდა ჩემზე, მაგრამ რაღაც სხვას , სრულიად განსხვავებულს უჩანს პირი და ამ განსხვავებულობისთვის ჯერ სახელი არ დამირქმევია, თუმცა ამ უცნაური უსახელობის თქვენთვის გაზიარება მაინც მომინდა იმის დასტურად, რომ ადამიანები არ იცვლებიან და იმის დასტურად რომ სიკეთე და ადამიანობა ჯერ კიდევ არსებობს დედამიწაზე.
ძველებურზე უფრო მეტად და საღად მიყვარს და შევხარი ჩემს ნასესხებ სიცოცხლეს, რომელიც არ მინდა სინანულში გავატარო.
რომანტიზმი რომ ყველგან და ყოველთვის იყო წარსულში ჩემი თანმდევი ვიცოდი , მაგრამ ახლა და ამ ფორმითა და დოზით არ ველოდი დაუპატიჟებელ სტუმარს. მესტუმრა. ფილმის კადრივით დამიდგა თვალწინ. როგორი სანახავია ეს (მე) მარტო, წითელ (სააღდგომო )ქურთუკში გამოწყობილი გოგონა, პლედზე  ფეხშიშველ-ფეხმორთხმული , ყავით სავსე თერმოსი, „ნასესხები სიცოცხლე“,  მზის სათვალე და ცოტა უნამუსობამაც დამრია ხელი და ყურსასმენში აჟღერებულ სიმღერას ხმა ხმამაღლა ავაყოლე ,იმ იმედით რომ მარტო ვარ და არავინ მისმენს-მეთქი.


გავიფიქრე რა კარგი კადრი იქნებოდა მელოდრამისთვის სათვალის შუშის მიღმა , რომ არეკლილიყო „თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი..."

ჰოდა .....

ჰოდა ასე, რაღაც ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი....
დღეს ხომ აღდგომააა. ბოროტება სამუდამოდ დაითრგუნა ჩემს გულში სიკეთის მიერ, ეს უსახელო რამ რამდენ ხანს ან რა ფორმით გაგრძელდა არავინ იცის, მაგრამ მთავარია , რომ თურმე არ შევცვლილვარ, მთავარია რომ სიყვარული ისევ მჭირდება და მგონი ისევ შემიძლია.  
დაახლოებით ერთი  წელია ვამბობ,  რომ სიყვარული ჩემთან ახლოს ვეღარ მოვა და ჩემზე ვეღარ იბატონებს. მაგრამ აღდგომის დღის მადლს რა ვუთხრათ? ამ დღეს თუ რაიმე აზრი მოგივიდა თავში და თუ რაიმე გადაწყვიტე ეს იმას ნიშნავს , რომ თვით უფალმა გიკარნახა ის რასაც  შენზე  ფიქრობს ან რასაც სამომავლოდ გეგმავს შენთან დაკავშირებით . მე ასე მწამს, ეს რწმენა მამშვიდებს და სხვა არაფრის დაჯერება არ მინდა.

არავინ და არაფერი არ იცვლება დედამიწაზე.

ასეთია „ჩემოული“ weekend .

ქრისტე აღსდგა ჩემო მეგობრებო... <3

No comments:

Post a Comment