Monday, 3 July 2017

"კარვით მოფრენალნი" - ანუ გომის მთა მამბერულად

„ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, არსებობს ბედნიერი დღეები და წუთები“.

მილიონნახევრიან ქალაქში ცხოვრება არც ისე ადვილია. ფეხი აუწყო აქაურ რიტმს, არ ჩამორჩე და თუ საჭირო გახდა გაასწრო კიდეც ხუმრობა არ გეგონოთ. ზოგჯერ ჩემი დღის განრიგს , რომ გადავხედავ 90-იანების ავად სახსენებელი „დვიჟოკი“ მახსენდება , რომ უნდა ამოგექოქა და ედრიხინა იქამდე, სანამ საწვავი ეყოფოდა. მეც ასე ამოვიქოქები ხოლმე დილაობით და „ვდრიხინებ“ იქამდე , სანამ ენერგიის ბოლო წვეთი არ აღმომხდება . ხოდა ამ ენერგია ამოხდილ არსებას , ხშირად სჭირდება  განწყობის რესტარტი. ამჯერად დარესტარტება გურული მეთოდებით გადავწყვიტე და „დევერეკე“ აბდალა გურულებში. ის ყველაფერი რაც ამ ორი დღის განმავლობაში თავს გადაგვხდა იმაზე მეტი იყო ვიდრე რესტარტი. ეს იყო ბედნიერების ორი დღე და უთვალავი წამი.

რამ შეიძლება მოგანიჭოს ადამიანს ბედნიერება? ბედნიერება ადამიანებს მოაქვთ, გულწრფელ, მზრუნველ და „კაცად საქებ“ ადამიანებს, რომლებიც ასე გაიშვიათდნენ და როცა მთის აღჭურვილობა მოგვარდა ერთი წინადადებით :“ვიზრუნე, რომ რბილად დაგეძინა“ სიხარულისგან „დავკარი დაფდაფებს“, მაგრამ  მოგეხსენებათ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია? ჩემს ვარდს(საძილესა და პარალონს) კი ეკლად დააჩნდა კარავი, რომელიც ჩემი მოსაძებნი იყო და ამისგან თავს ვერ დავიხსნიდი. გადავრეკ-გადმოვრეკე და ეს საკითხიც ადვილად მოგვარდა უერთგულესი ადამიანის მხარდაჭერით, რომელმაც მსწრაფლ აფრინა კარავი გორიდან თბილისში . ჩავბარგდი და ვიფიქრე დავიძინებ - თქო, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე კარავში გასათენებელი ღამის ემოციებით.
როგორც კი ჩავედით ბიჭებმა კარვები  გაშალეს და  შეშის მოსატანად წავიდნენ, ღამით ცეცხლი რომ გვქონოდა.  ეს ცეცხლი დათვისგან თავდასახსნელ ერთადერთ იმედად წარმომედგინა, რადგან მთელი გზა მიწევდა იმ ამბების მოსმენა, როგორ დაძრწის ხოლმე დათვი ბანაკში ღრიალით და ძილს უფრთხობს ტურისტებს, იმის მიხედვით ვის როგორი ფერის კარავი აქვს J. (იუმორი რომ ეძალებათ და მაფართხალებინებენ თვალებს ,  ეს სმაილი მჭირდებოდა) მთელი ღამის სამყოფ შეშას იოლად ნუ შეხედავთ იქ, სადაც ერთი ხეც კი არ ჭაჭანებს და აქამდე არ ვიცი საიდან გააჩინეს ამდენი შეშა, მაგრამ ამ ადამიანებთან ერთად ყოფნისას, უნდა ვაღიარო, რომ მსგავს საკითხებზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ, იმიტომ რომ საკმარისია თქვა რა გინდა და რამოდენიმე წუთის ინტერვალით შენს წინ აღმოჩნდება. 
 ღამე? ღამე დაუვიწყარი იყო, მთელი თავისი დიდებულებით. კოცონი, რომელიც თავდაუზოგავად გიზგიზებდა, ნაპერწლებს ისროდა,  გვანათებდა, გვათბობდა  და ამასთანავე მთელი მონდომებით  გვბოლავდა, ბოლომდე დაიხარჯა, რომ დილით 2 ტონით მუქები და მეტად არომატიზირებულები ვყოფილიყავით. კვამლისგან ცრემლები  გვდიოდა და არცერთს თავში აზრად  არ მოგვსვლია, რომ ადგილი შეგვეცვალა. ან კი ვინ გაბედავდა ამას და ბედნიერების ამ წუთებზე ვინ იტყოდა უარს, მითუმეტეს რომ წინ გველოდა შემწვარ-დამწვარ--უმი მწვადი, საზამთროში თავის ჩაყოფა და ნასვამი ბიჭების „მრავალჟამიერი“ ციდან ჩამოფრენილი რუსი სტუმრებისთვის. ამ ბედნიერებას გული ვერ მოწყვიტა თინჩომ და რაც კი ბანაკში გაგვაჩნდა ყველაფერი ზედ შემოიხვია, რითიც ძალიან დაემსგავსა მწვანილების გამყიდველს და ზედმეტსახელი ბაჯისაც გამოჰკრა ხელი. თინჩო რისი თინჩო იქნებოდა, ახალ სახელს უცებ აუღო ალღო და ზღვის დონიდან 2300 მეტრზე(თუ არ მეშლება)  გაისმა „მშობლიური“: გავაЯფე, გავაЯფე...ნასკი,ნასკი,ნასკი, ნასკი , გავაЯფე....
რადგან ბანაკში ერთი ბაჯი საკმარისი აღმოჩნდა მთის და ღამის სიცივეს ბოლომდე ვერ გავუძელი და რამოდენიმე საათით ძილი გადავწყვიტე, მაგრამ მხოლოდ გადავწყვიტე და ვეღარ განვახორციელე. დიდი მონდომებით ავარჩიე ადგილი, სადაც კარავი უნდა გაეშალათ ჩემთვის.  ხედი „დავჯავშნე“ და მიმდებარე ტერიტორიაზე კაციშვილის კარავი არ გავაჭაჭანე, იმ ამბიციით, რომ გათენებას კარვიდან უნდა ვუყურო და ხედი არ გამიფუჭოთ -თქო. ხედი არავის გაუფუჭებია, მაგრამ სამწუხაროდ კარავი „დაეცა“ გმირულად გომის მთაზე და რომ არა ატამანის ბრწყინვალე მონაცემები კარვით ფრენაში, შეიძლება ჩვენც (კარავში მყოფი ბაჯი, გარფილდი და შუმახერა ) აღმოვჩენილიყავით გომის მთის თავზე მფრინავ ობიექტებად.   რომელიც ფრანად იწოდა მოგზაურობის დასასრულს.   ეს გახლავთ მოვლენა, რომელიც არასდროს არავის დაავიწყდება იმ ორი დღიდან და გადაეცემა თაობიდან თაობას. J მთლად წარმატებული ვერ აღმოჩნდა კარავში ძილი, მაგრამ კარავზე მყარად იდგა გარფილდი, რომელიც ჩემი არ იყოს პირველად იძინებდა კარავში და ჩათვალა , რომ მფრინავი კარავი ნორმა იყო და ცდილობდა არ შეწუხებულიყო. პირნციპში გამოუვიდა კიდეც, მანამ სანამ ჩვენ ატამანმა კარვიდან ჩამოგვხსნა, უცებ იპოვა ცარიელი კარავი და იქ გაიკნუტა, როგორც ნამდვილ გარფილდს შეეფერება, თუმცა ამის სანაცვლოდ დილა უთენია თავს დაატყდათ  ჩემი რისხვა J და 5 საათზე გაისმა ჩემი წკმუტუნი გომის მთაზე.
 მიუხედავად ასეთი ღამისა , დილის ხედს, რომ გახედავ გავიწყდება ყველაფერი,იქ არც საათია, არც სამსახურში გეჩქარება და არც დილის ყავას ამზადებ ფაცხა-ფუცხით, იმიტომ რომ შეგიძლია მინდორზე წამოწვე, სრულ ნეტარებაში იყო და ამ დროს მოგართვან ცხელი ყავა იმ ადამიანებმა, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ , რომ ეს მოგზაურობა დაუვიწყარი იყოს შენთვის. 
ახლა ვგრძნობ, რომ გაუთავებლად შემიძლია ვწერო ამ ორ დაუვიწყარ დღეზე, მაგრამ იქ ნანახისა და განცდილის 1 %-საც ვერ ასახავს ეს წერილი. ეს უნდა ნახო, ეს უნდა იგრძნო და თავს გადაგხდეს იმ ქართული სულის ყივილი , რაც იქ ხდებოდა. იქ სხვა საქართველოა, იქ სხვა სიმშვიდეა, იქ ადამიანებიც სხვანაირები ვიყავით  და ახლა ქალაქში დაბრუნებულები დავდივართ და დავღიღინებთ „დამაბრუნეთ.... დავბრუნდებით....“ სახეზე ღიმილი დაგვთამაშებს და  ენით უთქმელი მადლიერების გრძნობას დავატარებთ იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ ყველაფერს სულლი შთაბერა და ასე უნაკლოდ განახორციელა <3
როგორც დიდი მამბერი იტყოდა #დაგველაშქრეთ

No comments:

Post a Comment